ინგლისური პოინტერი პოინტერი წარმოადგენს მეძებართა ერთ-ერთ უძველეს ჯიშს. ეს არის კეთილშობილური გარეგნობის მქონე ელეგანტური ძაღლი, უსაფუძვლოდ არ ითვლება გამორჩეულ ჯიშად. მისი წარმოშობის შესახებ ამტკიცებენ, რომ მისი თავდაპირველი სამშობლო იყო ესპანეთი და არა ინგლისი. თვლიან, რომ ესპანეთის გვირგვინისთვის წარმოებული ომის დასრულების შემდეგ, მე-18 საუკუნის დასაწყისში ბრიტანელმა ოფიცრებმა ესპანეთიდან წამოიყვანეს ძველ-ესპანური მეძებრები "Perro de Punta" (ძაღლი დგომში); ეს ძაღლები ბრიტანელმა კინოლოგებმა გულდასმით გადაარჩიეს, შეარჩიეს და შეაჯვარეს სხვა ჯიშებთან, კერძოდ ფოქსჰაუნდთან და გასული საუკუნის დასაწყისში გამოიყვანეს თანამედროვე პოინტერი. როგორიც არ უნდა იყოს პოინტერის წარმოშობა, ერთი უდავოა, რომ ისინი გამოირჩევიან უჩვეულოდ მძაფრი ყნოსვით, სწრაფი, შორი და ფართო ძებნის მანერით, მყარი ნაბულით და ფრინველის ნებისმიერ სუნზე ელვისებური რეაქციით. ინგლისში, რომ არ გაუფუჭდეს მყარი ნაბული, პოინტერს არ ასწავლიან პატრონისთვის ნადავლის მიტანას. იქ ამისთვის იყენებენ რეტრივერებს, რომლებიც შეუდარებელი აპორტიორები (მიმტანები) არიან. სტანდარტი თავი. ქალა უნდა იყოს საშუალო სიგანის და დინგის სიგრძის პროპორციული. შუბლიდან დინგზე გადასვლა გამოკვეთილია მკვეთრად, კეფის "ბორცვი" კარგად აქვს განვითარებული. ცხვირის წვერი და ქუთუთოები აქვს მუქი, შედარებით ღია ფერის დასაშვებია მოყვითალო ჭრელ პოინტერებზე. ნესტოები განიერი, რბილი და ოდნავ სველი. ცხვირის ზურგი ცოტაოდენ ჩაზნექილი აქვს. ლოყები არ უნდა იყოს გამოზნექილი. რბილი ტუჩები კარგად აქვს განვითარებული. ყურები. ყურები დაკიდული, საშუალო სიგრძის, ბოლოებთან მსუბუქად შევიწროებული, შედარებით მაღლად დასმული და ყურის წინა ნაპირით მჭიდროდ მიკრული აქვს ლოყებთან. წინა კიდურები. ბეჭის ძვალი გრძელი, ცერად დასმული. წინა კიდურები სწორი და ძლიერი, წინამხრის ოვალური ძვლებით, კარგად განვითარებული და რელიეფური კუნთებით. კიდურები საკმაოდ გრძელი, მკვრივი და მოქნილი (ზამბარისებური), მსუბუქი დახრით. თათები. ოვალური ფორმის, კარგად შეკრული, გვერდიგვერდ მჭიდროდ დასმული თითებით და უხეში ბალიშებით. კუდი. საშუალო სიგრძის, ფუძესთან შედარებით მსხვილი და პროპორციულად ვიწროვდება ბოლოსკენ. ის დაფარული უნდა იყო მოკლე, მჭიდროდ დასმული ბეწვით, უნდა იყოს ზურგის სწორხაზოვანი გაგრძელება. ბეწვი. ბეწვი თხელი, უხეში, მზინავი, სხეულზე თანაბრად განაწილებული. შეფერილობა. ხშირად გვხვდება საერთო თეთრ ფონზე ყვითელი, ჩალისფერი, სტაფილოსფერი, ყავისფერი ან შავი ლაქებით. დასაშვებია როგორც ერთფეროვანი (თეთრი, შავი, ყავისფერი, სტაფილოსფერი, ყვითელი, ჩალისფერი), ასევე სამფეროვანი ბეწვის საფარიც. | |
| |
ნანახია: 1391 | |
სულ კომენტარები: 0 | |