| მონადირეების საყურადღებოდ - ტყის ქათამზე ნადირობის სეზონი გაგრძელდა 1 მარტამდე
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, ექსპერტებსა და მეცნიერთა რეკომენდაციებზე დაყრდნობით, მიიღო გადაწყვეტილება გადამფრენ ფრინველზე - ტყის ქათამზე ნადირობის ვადის 1 მარტამდე გაგრძელების თაობაზე. "აღნიშნული სახეობის ფრინველზე ნადირობა დაშვებული იყო ყოველი წლის 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე და ითვალისწინებდა მათ მოპოვებას გადაფრენის დროს (დღეში 7 ფრინველის ოდენობით) და არ ითვალისწინებდა ამ სახეობის მოზამთრე ფრინველზე ნადირობას. ამასთან, ამ სახეობის მოზამთრე ფრინველთა რაოდენობა გაცილებით მცირეა, ვიდრე მიგრანტისა. შესაბამისად, ტყის ქათამზე ნადირობის ვადა გაგრძელდა პირველ მარტამდე, ხოლო მისი მოპოვების დღიური ოდენობა განისაზღვრა 3 ერთეული ფრინველით. ტყის ქათამზე ნადირობის ვადის 1 მარტამდე გაგრძელების და მისი დღიურად მოსაპოვებელი ოდენობის 3 ერთეული ფრინველით განსაზღვრის თაობაზე, შესაბამისი ცვლილება იქნა შეტანილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 27 დეკემბრის №95 ბრზანებით დამტკიცებულ ”ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ” დებულებაში. აღნიშნული ცვლილება ძალაშია 2014 წლის 16 იანვრიდან", - აცხადებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში.
|
|